თბილისის ღია უნივერსიტეტის სამართლის სკოლის გუნდმა წარმატებით მიიღო მონაწილეობა დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ მედიაციის ეროვნულ შეჯიბრში და მონაწილე 8 გუნდს შორის საპატიო, მესამე ადგილი დაიკავა. გარდა ამისა, გუნდის წევრებმა დაიმსახურეს გამარჯვება სამ მნიშვნელოვან ნომინაციაში: საუკეთესო ერთიანი გუნდი, საუკეთესო გახსნითი სიტყვა - სოფიო ცერცვაძე და აქტიური მსმენელი - თეა გრიგალაშვილი, ქეთევან ზაქარეიშვილი.
მედიაციის ეროვნული შეჯიბრი მიზნად ისახავს საქართველოს სამართლის სკოლის სტუდენტებისათვის ონლაინ მედიაციის წარმართვის პროცესში მხარის (კლიენტის) წარმომადგენლობისა და მედიატორის პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას. ეროვნული შეჯიბრი ხელს უწყობს მედიაციის მიმართ ცნობიერების ამაღლებას, მისი საფუძვლების შესწავლას და შესაბამისი პრაქტიკული უნარ-ჩვევების ეფექტიან გამოყენებას საუნივერსიტეტო სწავლების დასრულების შემდგომ კურსდამთავრებულთა პროფესიულ საქმიანობაში.
შეჯიბრი ტარდება თსუ-ს დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის პროგრამის ,,კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (EWMI-PROLoG)“, ასევე სსიპ ,,საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ მხარდაჭერით.
კონკურსის ორგანიზებამდე შეჯიბრზე რეგისტრირებულმა 8 გუნდმა გაიარა 4-დღიანი მოსამზადებელი ტრენინგი მედიატორისა და ადვოკატი წარმომადგენლის უნარ-ჩვევებში, ონლაინ მედიაციის პლატფორმის გამოყენების თავისებურებათა გათვალისწინებით. ტრენინგის დასრულების შემდეგ ონლაინ გაიმართა ეროვნული შეჯიბრი 3 დღის განმავლობაში, რომელიც 5 აპრილს დასრულდა.