085

2018-05-01

სამართლისა და ეკონომიკის ცენტრის გახსნა

1 მაისს თბილისის ღია უნივერსიტეტში სამართლისა და ეკონომიკის ცენტრი გაიხსნა. ცენტრი ურთიერთთანამშრომლობით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულმა ფაკულტეტმა და თბილისის ღია უნივერსიტეტმა დააფუძნეს.  ცენტრის მხარდამჭერები არიან საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.   

სამართლისა და ეკონომიკის ცენტრი საუნივერსიტეტო ბაზაზე დაფუძნებული ცენტრია, რომელიც მიზნად ისახავს სამართლისა და ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებით მიმდინარე საკანონმდებლო, სამეცნიერო და პრაქტიკული პროცესების შესწავლას, პრობლემებსა და გამოწვევებზე  ეფექტურ რეაგირებას, საზოგადოების ინფორმირებასა და კვლევის შედეგების ადრესატებისათვის გაცნობას.

ცენტრის მისიაა, შექმნას სამართლისა და ეკონომიკური პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე ინტერდისციპლინური დისკუსიისა და იდეების გენერირების გარემო, რომელშიც აქტიურად ჩაერთვებიან როგორც სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები, ისე პრაქტიკოსი სპეციალისტები და სტუდენტები.

ღონისძიება თბილისის ღია უნივერსიტეტში გაიმართა და მას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე მზია თოდუა, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი, აკადემიური წრეები, მოსამართლეები და დეპუტატები დაესწრნენ.

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ პროფესორმა ირაკლი ბურდულმა წაიკითხა მოხსენება, სახელწოდებით: „ნეკრორეცეფცია საქართველოში.“ მოხსენების შემდეგ დამსწრე სტუმრებს შორის დისკუსია გაიმართა.